"პანამის დოკუმენტებში“ ათობით ქართველის გვარი ფიგურირებს

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა ე.წ. პანამის დოკუმენტების მონაცემთა ბაზა გამოაქვეყნა, სადაც უკვე არსებულ ბაზაში 214 ათასზე მეტი ოფშორული კომპანიის მონაცემები დაამატეს.

გასაჯაროებულ დოკუმენტებში საქართველოს სულ მცირე 85 მოქალაქის სახელი ფიგურირებს. მათი ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელია, ნაწილი კი - მფლობელების წარმომადგენელია.

ბაზაში არსებულ 200 ათასი ოფშორული კომპანიის მონაცემებს ახალი კომპანიები დაამატეს და ამ დროისთვის, ბაზაში 320 ათასზე მეტი კომპანიის მონაცემი არსებობს.

დოკუმენტები პანამურ იურიდიულ კომპანიას „Mossack Fonseca“-ს ეკუთვნოდა. დოკუმენტები 1977-2015 წლების პერიოდს მოიცავს.

11,5 მილიონი დოკუმენტი თავდაპირველად, დაახლოებით, ერთი წლის წინ გერმანულმა გამოცემა Suedduetsche Zeitung-მა “ჯონ დოუს” ფსევდონიმით ცნობილი პირისგან მიიღო.

გამოცემამ ფაილები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გადასცა, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის დამუშავებაში ათასობით ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.

მუშაობის პირველი შედეგები მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა. "პანამური დოკუმენტების“ გასაჯაროებას რამდენიმე ხმაურიანი გადადგომა მოჰყვა - თანამდებობები დატოვეს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა და ესპანეთის მრეწველობის მინისტრა.

სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების გამო ევროპარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ე.წ. “პანამურ დოკუმენტებში” გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეისწავლის.