საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ელისო ჩაფიძის განცხადებით, არმაზ ახვლედიანის მიერ "ქართული ოცნების" დატოვება ტრაგედია არ არის.
ჩაფიძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გაწევრიანდეს, ან დატოვოს პოლიტიკური ორგანიზაცია, სურვილის შემთხვევაში.
"ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, ბატონ არმაზ ახვლედიანს აქვთ უფლება, საშუალება, გაწევრიანდნენ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაში და შემდეგ დატოვონ ის. ამაში მე რაიმე ტრაგიკულს ვერ ვხედავ. რაც შეეხება მის შეფასებებს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით, ნამდვილად ვერ დავეთანხმები", - განაცხადა ჩაფიძემ "პირველ პრესკლუბში".
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
"განახორციელა დაპირებების მნიშვენლოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ჯანდაცვის, განთლების, თავდაცვის სფეროში და ვფიქრობ, რომ წინ გვაქვს ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელსაც ქართველი ხალხი დადებითად შეაფსებს. ცოტა უცნაურია, როდესაც მართლაც სერიოზულ რეჟიმთან გვქონდა საქმე, რომელიც დაამარცხა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", როგორ შეიძლება ისაუბრო იმაზე, რომ ეს პარტია იქცა ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ ძალად. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ბატონ არმაზს, მაგრამ მინდა მას ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში", - განაცხადა ჩაფიძემ.
კითხვაზე, ხომ არ გაგრძელდება "ქართული ოცნების" წევრების მიერ პარტიის დატოვების ტენდენცია, ჩაფიძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
"არ ვიცი ჩემი კოლეგების ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. ალბათ, ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას იქედან გამომდიანრე, თუ ხედავს, რომ აღნიშნულ მოცემულობაში, ვერ აღწევს შედეგს", - განაცხადა ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია "ქართული ოცნების" დატოვებაზე ინფორმაცია დღეს გავრცელდა. არმაზ ახვლედიანმა პარტიის დატოვების მიზეზად "ქართული ოცნების" მიერ 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.
"რუსთავი 2" - ის ცნობით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს უკვე ყოფილი წევრი აცხადებს, რომ სამართლიანობისა და პროგრესის დროშით მოსული მმართველი პოლიტიკური ძალა თვითონვე იქცა სახელმწიფოს განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად.
არმაზ ახვლედიანის თქმით, საზოგადოებისგან გაუცხოებული პოლიტიკური ელიტა ცვლილებებზე უარს ამბობს, რამაც საბოლოოდ მისი არჩევანი გადაწყვიტა.