გლდანის ყოფილი გამგებელი ბესიკ ქარცივაძე სავარაუდოდ მერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ბესიკ ქარცივაძე აცხადებს, რომ მერიიდან რამდენიმე შეთავაზება აქვს, თუმცა ამ დროისთვის არ აკონკრეტებს რა თანამდებობებზეა საუბარი. მისი თქმით, იქამდე ვიდრე მერი თავად არ გააკეთებს განცხადებას, შეთავაზებებზე საუბარი მისი მხრიდან უხერხულია.
”მე ცალსახად ვადასტურებ, რომ შემოთავაზებები არის. ქალაქის მერი თავად გააკეთებს განცხადებას. ჩემთვის პატივია ვიყო იმ ხელისუფლებაში, სადაც წელიწადი და 9 თვე გამგებლის თანამდებობას ვიკავებდი. სხვადასხვა შეთავაზება მივიღე. ნებისმიერი თანამდებობა ჩემთვის პატივია”, - განაცხადა ქარცივაძემ.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი თუ რა თანამდებობას დაიკავებს ქარცივაძე.
გლდანის გამგებელმა ბესიქ ქარცივაძემ და სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა თანამდებობები რამდენიმე დღის წინ დატოვეს.