აშშ-ის 13 ყოფილი მაღალჩინოსანი დიდ ბრიტანეთს ღია წერილით მიმართავს და ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს.
გამოცემა „თაიმსში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორები არიან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნები მადლენ ოლბრაითი და ჯორჯ შულცი, ასევე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა.
წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ს ძლიერი ევროპა სჭირდება, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით კი, ყველა მხარე დაზარალდება.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან მჭიდრო ურთიერთობაც კი ვერ აუნაზღაურებს დიდ ბრიტანეთს გავლენისა და ევროკავშირის წევრობის დაკარგვას“, - ნათქვამია წერილში.
გასულ თვეს, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს, ევროკავშირში დარჩენისკენ ლონდონს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც მოუწოდა.