ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 10 მაისს აჭარიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით თბილისამდე მსვლელობა გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა აჭარიდან 10 მაისს დაიწყება. მრევლი და სასულიერო პირები ხატს თბილისში, 17 მაისს, 12:00 საათზე, „ვარდების მოედანზე“ შემოაბრძანებენ.
ასევე მრევლის მონაწილეობით შემდეგ მსვლელობა სამების ტაძრისკენ გაგრძელდება, სადაც „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით პარაკლისი შესრულდება.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ 17 მაისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს გამოცხადდა.