გია ვოლსკი:  ნატო-შიც ესმით, რომ ალიანსის წევრობა ”დღეს და ახლავე” დამაზიანებელია

გია ვოლსკი: ნატო-შიც ესმით, რომ ალიანსის წევრობა ”დღეს და ახლავე” დამაზიანებელია

ალიანსშიც ესმით, რომ ნატო-ს წევრობა "დღეს და ახლავე" დამაზიანებელია, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს.

ვოლსკი ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განსხვავებულ მოსაზრებებს ეხმაურება და მათ სამ კატეგორიად ჰყოფს.

”ნატო ჩვენი მიზანია, მაგრამ ამ თემით სპეკულირება პრევალირებს პრაგმატულ პოლიტიკურ სტრატეგიაზე. ერთი მხრივ, ”ჩხავანა კატების” პოზიცია - გვინდა ნატო და არიქა, შევედით (შემოგვიშვით) და ვაჩვენებთ რუსეთს სეირსო. არადა ნატო-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არავისთან ომის მიზანი არ გვამოძრავებსო, არაო! მეორე მხრივ "ვითომ გულწრფელების" დაჩემება - არ გვიღებენ და აღარც რომ ვეშვებითო! მაშ საითაო აღარ ამბობენ, მინიშნებით - ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო და იქვე რუსეთისკენ იხედებიან. ამასაც ბოლომდე ვერ ამბობენ, ოკუპანტია მაინც! მესამე მხრივ, "პრაგმატები" და მათთან ერთად თავად ნატო - ვთანამშრომლობთ უსაფრთხოებისათვის და სტანდარტების დაახლოებისათვის, უკეთესი გარემოების მოლოდინში, სტრატეგიულ რეჟიმში, ქვეყანაში სტაბილურობისათვის, მათაც ესმით რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, იქ რუსული ბაზებია, საომარი მოქმედებები დაუშვებელია, ნატო-ს წევრობა "დღეს და ახლავე" დამაზიანებელია, მოლაპარაკებები აუცილებელი და მიზანიც მიღწევადია, ფაციფუცის გარეშე! ყველაზე რთული, მაგრამ სახელმწიფოებრივი მესამე პოზიციის რეალიზებაა, პირველი ორი უპერსპექტივო პოპულიზმია, ვფიქრობ, უკიდურესად დამაზიანებელიც”, - წერს გიორგი ვოლსკი.