თურქეთი ნატო-ს წევრებს მოუწოდებს, ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი ”ძლიერი მესიჯები” გააჟღერონ

თურქეთი ნატო-ს წევრებს მოუწოდებს, ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი ”ძლიერი მესიჯები” გააჟღერონ

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განცხადება გაავრცელა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის კავშირები სტრატეგიული და სამაგალითოა.

„თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტი ხაზს უსვამს იმას, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის კავშირები სტრატეგიული და სამაგალითოა, ასევე იგი ითვალისწინებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში. ნატოს ღია კარის პოლიტიკა და მისი გაფართოების პროცესი ასპირანტი ქვეყნების თავისუფალი სურვილისა და უპირატესობების მიხედვით მიმდინარეობს და იგი საფრთხეს არ უქმნის მესამე ქვეყნებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით.

„კომიტეტი აცნობიერებს 2016 წლის 8-9 ივლისს დაგეგმილ ვარშავის სამიტზე მისაღები გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, რომელიც ასპირანტი ქვეყნებისთვის ბიძგის მიმცემი იქნება. ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს კომისიის და გაწევრიანების პროცესში წლიური ეროვნული პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც ბუქარესტის სამიტის შემდეგ ამოქმედდა. ადასტურებს ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დემოკრატიის, სასამართლოს, კანონის უზენაესობისა და თავდაცვის სფეროებში. ადასტურებს ასევე საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, საერთშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მიერ ნატოს არსებითი პაკეტის სრულ განხორციელებას და უკვე განხორციელებული რეფორმების ფონზე მოუწოდებს ორგანიზაციის წევრებს, ვარშავის სამიტზე საქართველოს მიმართ გააკეთონ ძლიერი განცხადებები, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

თურქეთის ეროვნულმა ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადების მომზადებაში „სამართლისა და განვითარების პარტიის“, „რესპუბლიკური სახალხო პარტიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის პარტიის“ წევრები მონაწილეობდნენ.