დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ასევე სხვა ოფიციალური პირები, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან და საქაერონავიგაციიდან ესტუმრნენ. მინისტრმა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობასა და სხვა სტუმრებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი, ახალი მოფრენის ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

ასევე, დიმიტრი ქუმსიშვილმა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეააბილიტაციისთვის ამჟამად მიმდინარე სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა, რომელიც ამა წლის 30 ივნისს დასრულდება.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ბოლო ვიზიტიდან დღემდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არსებულ 560 მეტრიან 13R ზღურბლზე დასრულდა ხელოვნური საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები და განხორციელდა 31L ზღურბლის წანაცვლება შემდეგი 560 მეტრით. ამასთანავე მოხდა ხელოვნური საფარის დაგება სამიმოსვლო ბილიკზე Bravo. ასევე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები სამიმოსვლო ბილიკის Charlie 1-ლი ფაზით გათვალისწინებულ მონაკვეთზე. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკი Echo-ს  სარემონტო სამუშაოები.

შეგახსენებთ რომ, 2015 წლის 28 მაისს, 2 წლიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ხელი მოეწერა, 2005 წელს გაფორმებული, თბილისის აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას და ასევე მთლიანად აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

2005 წლის ხელშეკრულებით თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტავ ჯორჯიას“ მართვაში 2027 წლამდე გადაეცა. ვინაიდან 2005 წლის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, დღის წესრიგში დადგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისად არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვა. აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ განახლებული ხელშეკრულების თანახმად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა 2027 წლამდე იქნა შემუშავებული.