ევროკავშირი ძირს უთხრის ნატო-ს და აძლიერებს ვლადიმერ პუტინს, - ამის შესახებ Dailymail-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა ლაიამ ფოქსმა განაცხადა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბრიტანეთის ევროკავშირიდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული არგუმენტი ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა მხრიდან არის ის, რომ პრეზიდენტ პუტინს გაუხარდება თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, რის შედეგადაც მისი აგრესიული ქმედებები კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს.
„ვცდები, თუ ჩვენ არ ვიყავით ევროკავშირის წევრი მაშინ, როდესაც რუსეთმა ესტონეთზე კიბერშეტევა განახორციელა, საქართველოში შეიჭრა ან უკრაინის ტერიტორიის ანექსია მოახდინა? მხოლოდ მე მიმაჩნია, რომ პუტინის ქმედებები კიდევ უფრო გაუარესდა დასავლეთის შერიგების პოლიტიკის გამო წლების განმავლობაში? თუმცა, ვფიქრობ, რომ ნატო-ს მიერ ბევრი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიკუთვნების გამო, ევროკავშირი უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა“, - განაცხადა ლაიამ ფოქსმა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის საკითხის კომენტირებისას.
Dailymail-ის ცნობით, როგორც გაერთიანებული სამეფოს ხაზინის ყოფილმა კანცლერმა, ალისტერ დარლინგმა აღნიშნა, ბრიტანეთმა შესაძლოა, წელიწადში დაახლოებით 250 მილიარდი ფუნტი იზარალოს, თუ იგი ევროკავშირიდან გავა.