ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები შეამციროს

ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები შეამციროს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, არ ასაჯაროვებს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან შეხვედრაზე საუბრის თემა ის მოვლენები იყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო ერთი წელია ვიათარდება და სასამართლოს წინააღმდეგაა მიმართული.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე საკნონმდებლო ცვლილებებსაც, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, თუმცა პარლამენტში დეპუტატ ეკა ბესელიას მიერაა ინიცირებული.

”საკანონდებლო ცვლილებების მიზანი, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შემცირებაა. პროცედურული საკითხების ისე გადაკეთება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეფექტური არ ყოფილიყო. პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო და სამწუხაროდ, პირველი მოსმენის შემდგომი ტექსტი არც ჩემთვისაა ხელმისაწვდომი. იმედია, ჩვენს უცხოელ მეგობრებს მაინც მისცემენ ტექსტს, რომ ასე დამალულად არ მიმდინარეობდეს მუშაობა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენის დროსაც იყო ისეთი ფაქტები, რაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან უარყოფითად შეფასდა.

”მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა არ იყო დამოკიდებული სასამართლოზე. დღეს არსებული რეგულაციებით, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ გადაწყვეტილებას, ის მაშინვე შედის ძალაში. ახალი რეგულაციით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოში უნდა გამოქვეყნდეს და შემდეგ შევა ძალაში. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება დაგვიანებით ან საერთოდაც არ გამოქვეყნდეს. საკანონმდებლო მაცნემ შეიძლება თქვას, რომ ფორმალურად არ შეესაბამება გადაწყვეტილება კანონმდებლობის მოთხოვნებს”, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივაში კიდევ არის უამრავი სხვა პროცედურული საკითხი, რომლებიც ხელს შეუშლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში მალე შესვლას.

”ვფიქრობ, ეს მოკლევადიან პოლიტიკურ მიზნებს ისახავს და რატომღაც შიში არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საშიში არის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ეს ცუდია ქვეყნის პრესტიჟისთვის, რადგან ამის გამო აკრიტიკებენ პოლონეთის კანონდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, ასევე სხვა ქვეყნებს და ჩვენც იმ ქვეყნების რიგებში მოვხვდით, სადაც ცნობილია, რომ ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები შეამციროს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.