2016 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,6 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 3,2 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,0 პროცენტით გაიზარდა.
”საქსტატის” ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით; ჯანმრთელობის დაცვა - ფასები შემცირდა 1,9 პროცენტით;
ფასების 1,6-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში -ფასები გაიზარდა 14,7 პროცენტით; ჯანმრთელობის დაცვა - ფასები გაიზარდა 7,5 პროცენტით; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით . აღსანიშნავია, ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (14,9 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (7,8 პროცენტი). ფასების შემცირება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9,3 პროცენტი);
ფასები 6,1 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-15,7 პროცენტი). ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,4 პროცენტი).