ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ათასობით სამხედროს გაგზავნის გეგმაზე მსჯელობს. როგორც „Washington Post”-ი იტყობინება, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებისკენ მიმართული ძალისხმევა.
კარტერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნის სამხედროები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსი სავარაუდოდ, ვარშავის სამიტზე მიიღებს.
ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატო-ს სამხედრო ძალების შესაძლო განლაგების შესახებ ინფორმაცია პირველად „Wall Street Journal“-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია 4 000 სამხედროსგან შემდგარ 4 ბატალონზე, აქედან 2 აშშ-დან, დანარჩენი კი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიიდან იქნება გაგზავნილი.