"საჭიროა, მეტი კომუნიკაცია, რადგან აფხაზებს ჰქონდეთ იმედი, რომ მომავალში ეს კონფლიქტი გადაიჭრება“

კავკასიის საკითხებში კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის თომას დე ვაალის განცხადებით, 2008 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

DFWatch-თან ინტერვიუში დე ვაალმა კონფლიქტში რუსეთის როლზე ვრცლად ისაუბრა. დე ვაალის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ კონფლიქტი „გაყინულ კონფლიქტად არ შეფასდეს, რადგან მისი თქმით, ეს საქართველოსთვის შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. 

"არ მომწონს ტერმინი - "გაყინული კონფლიქტი“. ეს ნიშნავს, რომ არაფერი ხდება და არაფერი იცვლება. ვფიქრობ, უნდა დავინახოთ, რომ ეს ტერმინი შესაძლოა, საზიანოც აღმოჩნდეს. თუ კონფლიქტი კვლავ დინამიკაშია და ის არ არის გადაჭრილი, შესაძლოა, მან კვლავ იფეთქოს. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც ვიყენებთ ტერმინს - "გაყინული კონფლიქტი“. ამასთან, ნათელია, რომ აფხაზეთის კონფლიქტი კიდევ უფრო მეტად გამწვავდა 2008 წელს, რის შემდეგაც რუსეთმა აღიარა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. სწორედ ამის შემდეგ გახდა რუსეთის ფედერაცია ამ კონფლიქტის მთავარი განმსაზღვრელი ძალა“, - აღნიშნა დე ვაალმა. 

ანალიტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მტკიცედ იცავს არაღიარების პოლიტიკას. 

"საქართველო მისდევს არაღიარების პოლიტიკას, რაც ვფიქრობ, წარმატებული ნაბიჯია. თუმცა, საქართველომ დაკარგა თავისი ბერკეტები აფხაზეთთან მიმართებაში და ვფიქრობ, ოკუპაციის შესახებ კანონი არ ანიჭებს უპირატესობას საქართველოს დღის წესრიგს - იმის გამოცხადებამ, რომ "აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ", აფხაზეთთან მეტი კავშირის გზა მოჭრა, რაც კიდევ უფრო გაზრდის აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულებას“,- განაცხადა დე ვაალმა.  
თომას დე ვაალის თქმით, საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ აფხაზები რუსეთისგან ავტონომიას მოიპოვებენ, რის შემდეგაც თავისუფლად მოქმედების უფლება შეეძლებათ. 

"ვფიქრობ, აფხაზეთისთვის საუკეთესო გამოსავალია, მოითხოვოს ავტონომია რუსეთისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ თაობებს შეეძლებათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, ექნებათ თუ არა საქართველოსთან ახლო ურთიერთობა. ეს დატოვებს აფხაზეთს მეტად გახსნილს დანარჩენი მსოფლიოსთვის, იგივე ვაჭრობის და გაადაგილების თავისუფლების მხრივ. აფხაზებს უფლება ექნებათ, იმოგზაურონ, მიიღონ განათლება საზღვარგარეთ“, - აცხადებს ანალიტიკოსი. 

თომას დე ვაალს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა დეფაქტო მთავრობასთან. 

"საქართველოს სჭირდება იმუშაოს დე ფაქტო მთავრობასთან. საჭიროა, მეტი კომუნიკაცია და გახსნილობა, რადგან აფხაზებს ჰქონდეთ იმედი, რომ მომავალში ეს კონფლიქტი გადაიჭრება“, - აღნიშნავს დე ვაალი. 

ანალიტიკოსი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი განცხადებასაც აფასებს ოკუპირებულ ტერიტორიბთან დაკავშირებით,  რომლის თანახმად საქართველო  აქტიურად მუშაობს შერიგების საგზაო რუკაზე. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სურს აფხაზეთის ინტეგრაცია დანარჩენ მსოფლიოსთან, საქართველოს სურს საკუთარი მიღწევები ევროპის მიმართულებით, საკუთარი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდეს“,- აღნიშნავს დე ვაალი.