გორში ხვალ სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ოქონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მშენებარე ტაძარში ატენისა და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (გვაზავა) ტრადიციულ საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ ქალაქში საზეიმო მსვლელობა მოეწყობა. 17:00 საათზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ოქონობის დღესასწაული წელს მეცამეტედ აღინიშნება. იგი ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, 2004 წელს აღდგა. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაკარგულად ითვლებოდა. იგი 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, ხოლო 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.