გიორგი კვირიკაშვილი:   ჩვენ უნდა შევისმინოთ პატრიარქის ქადაგება

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ უნდა შევისმინოთ პატრიარქის ქადაგება

ჩვენ უნდა შევისმინოთ პატრიარქის ქადაგება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ სააღდგომო ეპისტოლეში გაკეთებულ განცხადებებს.

პრემიერ-მინისტრი იმ საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობს, რომლებზეც ყურადღება პატრიარქმა ეპისტოლეში გაამახვილა.

„ყველაზე მთავარი, რითაც მთლიანად გამსჭვალული იყო ეპისტოლე, ეს არის თავმდაბლობის მნიშვნელობა. ვფიქრობ, საკუთარი თავის შეცნობის და თავმდაბლობის გზაზე გადის სხვისი არგანკითხვა და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს პატრიარქმა ქართველ ხალხს უთხრა. ეპისტოლე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ პატრიარქმა ისაუბრა ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევისმინოთ მისი ეს ქადაგება“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

სააღდგომო ლიტურგიაზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.