"გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღებაა გამახვილებული ბოლო დროს გახშირებულ თვითმკვლელობებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში ამბობს, რომ ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც, ვისაც ასეთი ფიქრები გაუჩნდება, მსწრაფლ უნდა მოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდეს აღსარება თქვას, რათა სულიერად განმტკიცდეს და ბოროტის მარწუხებისგან თავი დაიცვას.

"სამწუხაროდ, ბოლო დროს თვითმკვლელობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებს შორის. მათში ემოციური ფონი გაძლიერებულია. ამასთან, გარემოს შეცნობისა და ძიების პროცესი მიმდინარეობს, რასაც შეიძლება არასწორი მიმართულება მიეცეს. ამიტომაც, ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს ამ პერიოდში მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეკონომიურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია",-ნათქვამია უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეში.

პატრიარქი ავე ამბობს, რომ მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც მშობლები, მათ მეგობრად უნდა იქცნენ, მეტი სითბო აჩვენონ, დაინტერესდნენ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომად მიიღონ და გულახდილნი გახდნენ მოზარდები.

"ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც",-მიმართავს მშობლებს უწმინდესი.