მმართველი ძალის რეიტინგის დაცემას ხელს უწყობს ის, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნება”, პრაქტიკულად, დაიშალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც მთლიანობაში განწყობებზე მოქმედებს.
,,ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები ქვეყანაში, განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს, ვერ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას, ასევე გაუმჯობესებას, ეს მოქმედებს მთლიანობაში განწყობებზე. პირველ რიგში, ამაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალა და შესაბამისად, მისი რეიტინგი ეცემა საკმაოდ სწრაფად. ასევე მმართველი ძალის რეიტინგის დაცემას ხელა უწყობს ის, რომ კოალიცია, პრაქტიკულად, დაიშალა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე კოალიციას საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალები მოაკლდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, მხარდამჭერთა რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდება", - განაცხადა გოგოლაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგების თანახმად, მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, რესპონდენტთა 13% დაუჭერდა მხარს - „თავისუფალ დემოკრატებს“, 8% -„ლეიბორისტულ პარტიას“, 4% - „პატრიოტთა ალიანსს“, 3% - „გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას“, 15% კი არც ერთს.
ამასთან, გამოკითხულთა 31 % არასოდეს მისცემდა ხმას „ქართულ ოცენებას“, 25% - „ერთიან ნაციონალურ მოძროაბას“, 10% - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, 8% - „მწვანეთა პარტიას“, 5% - „პატრიოტთა ალიანსს“, 5% - „ლეიბორისტულ პარტიას“, 3% - „სოციალ დემოკრატებს“, 3% - „თავისუფალ საქართველოს“, 2% -2 % კი „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“.
გამოკითხვის ფარგლებში 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.