ვიზალიბერალიზაციის პროცესი იმდენად დინამიკურად მიმდინარეობს, რომ პროცედურები შუა ზაფხულისთვის დასრულდება

ვიზალიბერალიზაციის პროცესი იმდენად დინამიკურად მიმდინარეობს, რომ პროცედურები შუა ზაფხულისთვის დასრულდება

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის აზრით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი იმდენად დინამიკურად მიმდინარეობს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ფორმალურ პროცედურებს შუა ზაფხულისთვის დაასრულებენ.

ამის შესახებ გოგოლაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას განუცხადა.

”დადებითი მოლოდინი მაქვს. მე მგონია, რომ პროცესი იმდენად დინამიკურად, სწრაფად და გეგმაზომიერად მიმდინარეობს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ფორმალურ პროცედურებს დაასრულებენ შუა ზაფხულისთვის, როდესაც ევროპარლამენტი უკვე არდადეგებზე მიდის”, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხის განხილვა 25 აპრილს დაიწყო. კომიტეტში განხილვის დასრულების შემდეგ საკითხი დასამტკიცებლად ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გავა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროკავშირის საბჭო მიიღებს.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.