პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მხარს ოპოზიციის პროეტს უჭერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მხარს ოპოზიციის პროეტს უჭერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ პროექტს უჭერს. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ესწრება.

როგორც ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ”არ ღირს 4 წელი დავუკარგოთ საქართველოს, ქვეყნის დემოკრატიას და არ განვახორციელოთ ის, რაც უმჯობესად გვეჩვენება ქართული სახელმწიფოსთვის”.

”იცით, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია თავიდანვე იყო ჩართული ამ საკითხზე მიმდინარე დებატებსა და დიალოგში. მეტიც, პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როდესაც ხელი შეუწყო პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებაში კონსენსუსის ჩამოყალიბებას სწორედ მაჟორიტარული სისტემის, არსებული სისტემის უფრო სამართლიანი სისტემით ჩანაცვლების თაობაზე. ამ იდეას არ ეწინააღმდეგება არც მმართველი გუნდი, უბრალოდ მათი პოზიცია არის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს 2020 წელს. ჩვენ ვემხრობით თავდაპირველ ვერსიას, რაზეც სრული კონსენსუსი არსებობს და ვამბობთ, რომ არ ღირს 4 წელი დავუკარგოთ საქართველოს, ქართულ დემოკრატიას და არ განვახორციელოთ ის, რაც უმჯობესად გვეჩვენება ქართული სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ 2016 წელსვე ამ ცვლილებების განხორციელებას”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე განმარტებით, დრო ცოტა რჩება, თუმცა მაინც საკმარისი იმისთვის, რომ საჭირო და სწორი საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს.

”დღეს პოლიტიკური რეალობა შეცვლილია. კოალიცია არ არის იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ადრე იყო. კოალიციიდან წამუსული სუბიექტებიც შეიძლება დაფიქრდნენ ამ ვარიანტზე. დრო ცოტა რჩება, მაგრამ იმისთვის საკმარისი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, თუკი ამის პოლიტიკური ნება იარსებებს, რეალურად განხორციელდეს,“ - აღნიშნა ჩიხრაძემ.

საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში მსჯელობს. დღის წესრიგში დგას როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მიერ შემუშავებული პროექტი.

საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება.

რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებულ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტს 200 000 ხელმომწერის სახელით წარედგინა, ის 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.