ფრაქცია ”რესპუბლიკელები” როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივას მხარს დაუჭერს

ფრაქცია ”რესპუბლიკელები” როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივას მხარს დაუჭერს

საკონსტიტუციო ცვლილებების ის ტექსტი სჯობს, რომელიც უმრავლესობის 81 დეპუტატის მიერ არის წარმოდგენილი, ხოლო ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით უკეთესია ოპოზიციის მიერ , 200 ათასი ხელმოწერით შემოთავაზებული პროექტი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.

ბერძენიშვილის გამოსვლიდან ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია ”რესპუბლიკელები” როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივას დაუჭერს მხარს.

როგორც ბერძენიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, წინა ხელისუფლების პერიოდიდან ”რესპუბლიკელები”, ”კონსერვატორები” და ”ეროვნული ფორუმი” რეგიონულ-პროპორციული სისტემის მხარდამჭერები იყვნენ. მან აქვე აღნიშნა, რომ მაშინ პარტია ”ქართული ოცნება” არ არსებობდა და ამ პარტიას, ვალდებულება - გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონულ-პროპორციული სისტემის შემოღებაზე, არ აუღია.

”ეს მნიშველოვანი რამ არის და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში შავით თეთრზე წერია, რომ არსებული საარჩევნო სისტემა არის მახინჯი და შესაცვლელი, მაგრამ არსად წერია, რომელ საარჩევნო მოდელზე იღებდა პასუხისმგებლობას კოალიცია. ამიტომ გასაგებია, რომ პარტია ”ქართული ოცნების” ერთი ნაწილი თანახმა იყო რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე, ხოლო მეორე და უფრო დიდი ნაწილი არ იყო ამის მომხრე. ჩვენ, ”რესპუბლიკელებმა”, დავით უსუფაშვილის შეთავაზებით ასეთი კომპრომისი მოვძებნეთ - იყოს არსებული შერეული სისტემა 77-პროპორციული სიით და 73-მაჟორიტარული წესით, ოღონდ 50%-იანი ბარიერითა და გამოთანაბრებული და თანაზომადი ოლქების მიხედვით ეს იყო მაქსიმუმი ამ პარლამენტში და ამ უმრავლესობაში და ჩვენ აქვე შევთავაზეთ, რომ მხარს დავუჭერდით სისტემის ასეთ მოდერნიზაციას, თუ პარალელურად დღევანდელი პარლამენტში რეგიონალურ-პროპორციული სისტემის მიღებას შეძლებდა”, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

აქვე ბერძენიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობის 81 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების მოსურნენი თავად უმრავლესობაშიც არ არიან და იმედი გამოთქვა, რომ შესრულდება პირობა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შესახებ.

”ჩვენ ამ პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობიდან ველოდებით 81 ხმას - დანარჩენი არის ოპოზიციის გადასაწყვეტი - იქნება ”ნაციონალური მოძრაობა”, ”თავისუფალი დემოკრატები” თუ ”გირჩი”. თუ ეს იქნება ტორპედირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პირობა დარღვეულია”, - დასძინა დავით ბერძენიშვილმა.

პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

დღესვე დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება.