”ნაციონალების” ხელისუფლება იმას მაინც ახერხებდა, რომ ოპოზიციასთან საუბრის მოჩვენებითი და ბუტაფორიული პროცესი შეექმნა

”ნაციონალების” ხელისუფლება იმას მაინც ახერხებდა, რომ ოპოზიციასთან საუბრის მოჩვენებითი და ბუტაფორიული პროცესი შეექმნა

ყველას კარგად გვესმის, რომ ხშირ შემთხვევაში მაჟორიტარული ოლქები არ წარმოადგენენ საკუთარი ამომრჩევლების ინტერესს და აბსოლუტურად არანაირი ბმა არ აქვთ საკუთარ ამომრჩეველთან , - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ”თავისუფალი დემოკრატები” დაარსების პირველივე დღიდან ითხოვენ საარჩევნო რეფორმის გატარებას, რათა ქვეყანაში არსებობდეს ნორმალური და სამართლიანი საარჩევნო გარემო ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის და ის არ იყოს მორგებული ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის.

”ხშირად არის არგუმენტები, რომ ჩვენ ვედრებით ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის კლასიკური დემოკრატიის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, აშშ... დამიჯერეთ, რომ თითოეულ კანდიდატს იქ აქვს საკუთარ ამომრჩეველზე ან საკუთარ ოლქზე რეალური ზეგავლენის მოხდენის საშუალება და ბერკეტი, რომელიც კანონმდებლობაშია ასახული. საქართველოში ასეთი რამ კანონმდებლობაში არ არის.

მე, ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც არჩეული ვარ პარტიული სიით, არც ერთი თქვენგანისგან, რომლებიც არჩეული ხართ როგორც მაჟორიტარები, არ განვსხვავდები. თქვენ ვერ გაუკეთებთ ვერაფერს უფრო მეტს ან ნაკლებს ამომრჩეველს საკუთარი ოლქიდან, ვიდრე მე შევძლებ”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა აღნიშნა, საარჩევნო რეფორმა ის საკითხია, რომელზეც მმართველმა უმრავლესობამ არ მოისურვა არც საუბარი და არც შეხვედრა.

”თქვენმა ლიდერმა, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო სისტემაზე საუბართან დაკავშირებით უარი თქვა. თქვენ კარგად იცით, მე არ მივტირი იმ დროს, როცა ”ნაციონალური მოძრაობა” იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ისინი იმას მაინც ახერხებდნენ, რომ მოჩვენებითი, ბუტაფორიული პროცესი შეექმნათ, თითქოს ოპოზიციასთან საუბრობდნენ. ეს არ იყო დღეს და ეს არის ძალიან ცუდი”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.