საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წინა და დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები ერთი ერთში იდენტურია

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წინა და დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები ერთი ერთში იდენტურია

აშკარად იკვეთება, რომ უმრავლესობა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად მზად არის, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

”მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რომ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გათანაბრებასთან დაკავშირებით, ფიქრობდა თუ არა ხელისუფლება სისტემის შეცვლაზე, თუ ტოვებდა იგივეს, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო?! სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების და დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები არის ერთი ერთში, იდენტური. რა თქმა უნდა, ეჭვებს ბადებს, როცა ხელისუფლებას არა აქვს სურვილი, გადადგას ნაბიჯი საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისკენ”, - განაცხადა აბაშიძემ პარლამენტის სხდომაზე.

მისივე შეფასებით, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განხორცილებული ცვლილებებით ”სისტემა უფრო რთული და მახინჯია და უფრო მეტად დამაბნეველი ამომრჩევლისთვის”.

პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

დღესვე დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება.