მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველთა ნების ადეკვატურად ასახვის საშუალებას არ იძლევა

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველთა ნების ადეკვატურად ასახვის საშუალებას არ იძლევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველთა ნების ადეკვატურად ასახვის საშუალებას არ იძლევა.

”საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მეც გახლავართ. აღნიშნული პროექტი არჩევნების ერთიანი პარტიული სიებით და მრავალმანდატიანი ოლქებით ჩატარებას ითვალისწინებს - რაკი იმ პროექტს მხარს ვუჭერ, ე.ი, პროპორციულ სისტემას ვამჯობინებ. საერთოდაც, მრავალგზის მაქვს ნათქვამი, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, იმის მიუხედავად, რომ ის არის ბევრ ქვეყანაში, არ იძლევა შესაძლებლობას ადეკვატურად იყოს ასახული ამომრჩევლის ნება”, - განაცხადა ხმალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

დღესვე დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება.