გიორგი კვირიკაშვილი: ჩემთვის აშშ-საქართველოს თანამშრომლობის კონცეფცია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ აბსტრაქტული ცნება

გიორგი კვირიკაშვილი: ჩემთვის აშშ-საქართველოს თანამშრომლობის კონცეფცია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ აბსტრაქტული ცნება

ჩემთვის ორი ქვეყნის თანამშრომლობის კონცეფცია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ აბსტრაქტული ცნება. ეს არის ის, რაც მე თავად განვიცადე სტუდენტობის დროს. და ამ გამოცდილებას მე დღესაც დიდად ვაფასებ.

1990-იან წლებში, როცა ამერიკის უმაღლესი განათლების წამყვან ინსტიტუტებში სწავლა თითქმის შეუძლებელი იყო, მე მომეცა შესაძლებლობა, გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო კურსზე ილინოისის უნივერსიტეტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასკის პროგრამის სტიპენდიატის სტატუსით.

ამ გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

ამ უნივერსიტეტის აკადემიურმა პროგრამამ მასწავლა ახლებური აზროვნება პრობლემების გადაჭრისას და აღმჭურვა იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მე მჭირდებოდა კარიერისთვის ფინანსების სფეროში. აქ მომზადების წყალობით მე შემდგომში გავხდი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკის გენერალური დირექტორი. უნივერსიტეტმა ასევე მასწავლა საერთაშორისო საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვა,  რაც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნისთვის კონსულტაციების გაწევას საპენსიო სისტემის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასა და საფინანსო სექტორის რეფორმასთან  დაკავშირებით.

საბუღალტრო ბალანსის წაკითხვისა და ნულოვანი მოგების წერტილის დასადგენად ანალიზის ჩატარების სწავლების გარდა, ილინოისის უნივერსიტეტმა დიდი გავლენა იქონია ჩემს ჩამოყალიბებაზე და ამერიკის ჩემეულ აღქმაზე.

დღეს ბევრ ახალგაზრდას ბუნდოვნად ახსოვს ცივი ომის პერიოდი, მაგრამ ჩემს თაობას კარგად ახსოვს ის დროც და საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო დღეებიც. იმ დროს, როცა ამირჩიეს მასკის სტიპენდიატად, ჩემი ოცნება იყო ამერიკაში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შესწავლა.

მეორეს მხრივ, აქ ჩამოსვლის საკითხი საკმაოდ რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. 1997 წელს მე უკვე დაქორწინებული ვიყავი და მყავდა სამი შვილი. ამერიკაში სასწავლებლად კი ერთი წლით მომიწევდა ოჯახის დატოვება. ეს იყო დიდი მსხვერპლი, რადგან მათი აქ, ერბანა-შამპეინში, ჩამოყვანის საშუალება არ მქონდა.

ამერიკაში ჩამოსული ჯერ ვერ ვაცნობიერებდი, რომ არა მარტო ამ ქვეყანას ვსტუმრობდი, არამედ ახალი საზოგადოების წევრიც ვხდებოდი და კონტაქტების ახალ ქსელაც ვქმნიდი აშშ-ში.

ეს გამოცდილება ძალიან  მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აქ ყოფნის დროს გავხდი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარული.

მოჯადოებული ვიყავი ჯაზისა და ბლუზის ფესტივალებით, რომლებიც პარკში, ღია ცის ქვეშ იმართებოდა. რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს ერბანა-შამპეინის მკვიდრთა მეგობრული განწყობა.

ნელ-ნელა, როცა თანაკურსელებს გავეცანი, დამეუფლა სურვილი, გამეზიარებინა მათთვის ქართული კულტურა. გავიგე, რომ მსოფლიოში ცნობილი სუხიშვილების დასი ამერიკაში მართავდა ტურს და კრენერტ ცენტრში გამოდიოდა, და ჩემი 16 თანაკურსელი დავპატიჟე კონცერტზე. მახსოვს, ცრემლმოურეული, რა სიამაყითა ვუყურებდი, როგორ ეზიარებოდნენ ჩემი მეგობრები ქართულ კულტურას. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი ჩემთვის. სხვათა შორის, უნდა ვაღიარო, რომ საკრედიტო ბარათზე ამ კონცერტთან დაკავშირებული დავალიანების დასაფარად რამდენიმე წელი დამჭირდა.

ქართველები ხშირად ვამბობთ, რომ უცხოეთში ყოფნისას ჩვენ ვიქცევით ჩვენი სამშობლოს ელჩებად. მეორე მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკიდან შინ დაბრუნების შემდეგ მე გავხდი ამერიკული კულტურის ელჩი საქართველოში.