აშშ-ს, საქართველოს სახით, ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი

აშშ-ს, საქართველოს სახით, ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი

საქართველო, რომელიც განლაგებულია აზიასა და ევროპას შორის, ცდილობს კარგი ურთიერთობების დამყარებას რეგიონის ყველა ქვეყანასთან. ჩვენ ვართ ახალი აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი მაკავშირებელი ქვეყანა, რადგან ჩვენ უზრუნველვყოფთ ეკონომიკურ კავშირებს, დაწყებული პეკინით და დამთავრებული ბრიუსელით. 

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მიღწევები მარტივად არ მოგვეცა. ჩვენ გააფთრებული ბრძოლა გვიწევდა ბევრი ძალის წინააღმდეგ, როგორც გარეთ, ისე შინ, რომლებიც ცდილობდნენ ამ პროცესების შეფერხებას.

მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველოში არასოდეს შენელებულა სწრაფვა მშვიდობისკენ როგორც შინ, ისე მთლიანად რეგიონში. სწორედ ეს არის ის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ამერიკასთან.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უდიდესი, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებისთვის და ამერიკა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია.

რასაკვირველია, ამ ისტორიის მთავარი გმირები ქართველები არიან, რადგან მათ დიდი მსხვერპლი გაიღეს, გაიარეს ახალ მსოფლიოში ადაპტაციის პროცესი და მიზნად დაისახეს მომავლის კონსტრუქციული გზა. მეორე მხრივ, ჩვენი ამერიკელი მეგობრები ამ გზაზე ჩვენი განუყრელი თანამგზავრები არიან.

შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ვართ ერთდერთი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა და შეიარაღებული ძალები. ჩვენ თქვენს გვერდით ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში და წვლილი შეგვაქვს აფრიკის უსაფრთხოების მისიებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბირთვული იარაღისა და ნივთიერებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვართ რთულ რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის შუქურა.

3,7-მილიონიანი მოსახლეობის მქონე საქართველო არის სიდიდით მეორე წვლილის შემტანი ავღანეთის ურყევი მხარდაჭერის მისიაში, რაც დიდი მსხვერპლია ასეთი პატარა ქვეყნისთვის. 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ამ მისიაში.

ისევე, როგორც აშშ ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით, ჩვენ ვუდგავართ ამერიკას მხარში გლობალური მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

ვიცი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრის შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის, ხოლო საქართველოს, თავის მხრივ, ბევრის შეთავაზება შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

გარდა უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობისა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. სწორედ ეს არის აშშ-ში ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი. ჩვენ ვაცნობთ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს. ჩვენ ვეწვევით ჩიკაგოს, ბოსტონს და ნიუ-იორკს, სადაც დაგეგმილი გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებასთან.