აღწერის შედეგებით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა

აღწერის შედეგებით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც 2002 წლის აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია. საქსტატის განმარტებით , მატება ძირითადად განპირობებულია მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების თბილისთან შემოერთებით.

საქართველოს სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4%) და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში (29,0%). ნაკლები კი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10,6%) დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82 % - 57 000 კვ.კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მთლიანი ფართობით - 13 ათასი კვ.კმ.

აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.

მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით, 15%-ით ნაკლებია.