ეკა ბესელიასა და ძმებ ბერძენიშვილებს შორის ბიუროს სხდომაზე შეკამათება მოხდა

ეკა ბესელიასა და ძმებ ბერძენიშვილებს შორის ბიუროს სხდომაზე შეკამათება მოხდა

საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სხდომაზე, პროექტის ინიციატორს - ეკა ბესელიასა და ძმებ ბერძენიშვილებს შორის შეკამათების მიზეზი გახდა.

დავით ბერძენიშვილმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობას, კენჭისყრისას მათი ალტერნატივის გათვალისწინება სთხოვა და აღნიშნა, რომ ”ერთმანეთისკენ შემხვედრ ნაბიჯებს” ელის. ბერძენიშვილმა კენჭისყრის გადადების საკითხიც დასვა და აღნიშნა, რომ გაჯიუტების შემთხვევაში, კარგი საკანონმდებლო პროექტს ”ჩაგდების” საფრთხის წინაშე ნუ დააყენებენ.

თავად ბესელიას თქმით კი, შემოთავაზებული წინადადება დაგეგმილი რეფორმის მთელს კონცეფციას ცვლის, რისი გაკეთებაც, მეორე მოსმენით კენჭისყრის წინ ვერ მოხდება.

”შემოთავაზებით, შემოდის ისეთი ფორმულირებება, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება არსებობდეს სრულიად სხვადასხვაგვარი მიმდინარეობები, სრულიად სხვადასხვაგვარი სწავლების მეთოდიკა - ეს დღეს ისედაც გვაქვს და მაშინ, რაღას ვცლით?! გვაქვს შერეული მეთოდიკა, შერეული ასაკი, შერეული მიმართულებები და აბსოლუტურად უკონტროლი სიტუაცია”, - განაცხადა ბესელიამ ბერძენიშვილის საპასუხოდ და დასძინა, რომ მათი წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, დარტყმის ქვეშ მთელი რეფორმა დგება.

ბესელიას განმარტება კამათის მიზეზი გახდა. ლევან და დავით ბერძენიშვილები თვლიან, რომ პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ბევრი კარგი დაწესებულება დაიხუროს.

რაც შეეხება დებატების საგნად ქცეულ საკითხს, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ შელაპარაკება ეკა ბესელიასა და ნოდარ ებანოიძეს შორისაც გამოიწვია - ეს "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტის იმ ნაწილს ეხება, რომელიც ბაღებში, ბავშვთა ჯგუფების ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ფორმირებას ითვალისწინებს.

როგორც ”რესპუბლიკელები” განმარტავენ, არის საბავშვო ბაღები, მაგალითად, ვალდორფის ბაღი და მისი სისტემა, რომელიც არის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, რომლის მიხედვით, სამი, ოთხი და ხუთი წლის ბავშვები არიან ერთ სივრცეში. მათი თქმით, ეს არის სპეციალური მეთოდოლოგია, ხოლო ინიცირებული კანონის მიხედვით, მათ ამის უფლება არ ექნებათ.