ფარულ მოსმენებზე ”რესპუბლიკურმა პარტიამ

ფარულ მოსმენებზე ”რესპუბლიკურმა პარტიამ" შესაძლოა არასამთავრობოებთან ერთად შეჯერებული ვარიანტი წარადგინოს

”რესპუბლიკურ პარტიას" არასამთავრობო სექტორის მიერ უსაფრთხოების სისტემის რეფორმის შესახებ შედგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. როგორც პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ფრაქცია "რესპუბლიკელები" კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავს.

სამნიძის თქმით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა, თუმცა მას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

"დეტალურად გავეცნობით არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ პაკეტს და ჩვენი პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა ამ საკითხზე და თუ შესაძლებელი გახდება, შესაძლოა კანონპროექტის შეჯერებულ ვარიანტზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა სამნიძემ.

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უსაფრთხოების სისტემის რეფორმასა და ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკითხის ახლებურად დარეგულირებას შეეხება, პარლამენტში სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შევა.

„ეს შენ გეხებაში“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, იქმნება სამი ახალი სტრუქტურა და იცვლება დღეს არსებული სტრუქტურების ფუნქციები, უფლებამოსილებები და ანგარიშვალდებულების სფეროები.

საკანონმდებლო პაკეტი ახლებურად განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური სააგენტო, რომელიც იქნება თვალთვალის უფლებამოსილების მქონე ერთადერთი ორგანო. ამასთან, არასამთავრობოების მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, გაძლიერდება საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი უსაფრთხოების სამსახურებზე. კერძოდ, შეიქმნება საპარლამენტო ზედამხედველობის საზედამხედველო საბჭო, რომელსაც ექნება უფლება დააკვირდეს და აკონტროლოს თვალთვალის პროცესი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა. აღნიშნული სამსახურები ანგარიშვალდებული იქნებიან საპარლამენტო საბჭოს და პარლამენტის წინაშე.

კანონპროექტების მიხედვით, მიყურადება განხორციელდება სასამართლოს კონტროლის პირობებში. ვადის და მიყურადების წესების დარღვევის შემთხვევაში კი მიყურადების შეჩერება შეეძლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებული იქნება ფარული მიყურადების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევა. აღნიშნულ შემთხვევაში გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება ექნება დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს.