ევროკავშირის ქვეყნებს თურქეთთან, უკრაინასა და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების გადახედვა და ამ კუთხით ცვლილებები სურთ, რათა მათ გაუმარტივდეთ უვიზო რეჟიმის გაუქმება საჭიროების შემთხვევაში. როგორც Wall Street Journal-ი წერს, ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთისა და გერმანიის მიერ მომზადებულ სპეციალურ დოკუმენტში.
„ევროკავშირის ქვეყნები მალე გადაწყვეტენ, გადადგან თუ არა მომდევნო ნაბიჯი უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ბევრ ევროპელს მასობროვ მიგრაციასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს. შეთანხმების მიხედვით, 120 მილიონზე მეტ ადამიანს მეზობელი ქვეყნებიდან ექნება შესაძლებლობა ბლოკის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე რამდენიმე თვეში შევიდეს“, - წერია Wall Street Journal-ის სტატიაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ გასულ თვეს მოიპოვა ევროკავშირის მხარდაჭერა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, დიპლომატები ამბობენ, რომ ამ დროისთვის არსებული უსაფრთხოების ზომები არ არის საკმარისი უცხოელი ვიზიტორების მოსალოდნელი დიდი ნაკადის წინ.
„შეთანხმების მოქმედების შეჩერების პროცესი ძალიან რთულია, აღნიშნა ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა. ამას დიდი დრო სჭირდება და დამოკიდებულია იმაზე, რომ წევრმა ქვეყანამ მოამზადოს მიმართვა შეთანხმების გაყინვასთან დაკავშირებით. ამ დრომდე არსებული უვიზო მიმოსვლის შესახებ არც ერთი შეთანხმების მოქმედება არ შეჩერებულა“, - წერია სტატიაში, თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურების გამარტივების შესახებ მომზადებული დოკუმენტი მხოლოდ დისკუსიის დასაწყისია.