ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი მთავრობას მოუწოდებს ზუგდიდში დასაქმებული ავტოგადამზიდავების პრობლემით დაინტერესდეს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ჩიქოვანმა ყურადღება ავტოგადამზიდავების პრობლემაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის საქმიანობა, რომელსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ეწეოდნენ, დღეს საფრთხის წინაშე დგას.
„ეს ადამიანები პოლიტიკურად მოტივირებულები არ არიან. პირიქით, ისინი საკუთარი მიზნების მისაღწევად სამართლებრივ ბრძოლას არჩევენ. ამ ადამიანებმა ეს საქმე საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად შეინარჩუნეს. ეს ადამიანები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილნი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემმა არცერთმა კოლეგამ არ ინება და მათ არ შეხვდა. მათ ზუგდიდში შიმშილობა გამოაცხადეს. ასევე მათ არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები არ შეხვდნენ. სამწუხაროდ, ე.წ. დიდი მსხვილი კომპანია, რომლის სახელსაც ამოფარებულია ახალი ე.წ. ინვესტორი, ის არაფერს არ წარმოადგენს გარდა იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირებული კომპანიაა. ეს კომპანია სარგებლობს მსგავსი სახელით, „მეტროს“ ვგულისხმობ და თვითონ კომპანია „მეტრი+’’-ია და ვინმე კაკულიას ეკუთვნის, რომელიც როგორც აღმოჩნდა, რომ ფოთის მერის ძმაა. ადგილზე ამ ადამიანების ინტერესების დაცვას შსს-ს წარმომადგენლები ახდენენ. სამეგრელოში, ათწლეულის განმავლობაში, შსს ერთ სისტემას დაქვემდებარებულ ძალად იყო ქცეული. თუმცა, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, იქ კეთილსინდისიერი ოფიცრები მსახურობდნენ და მათ დაიბრუნეს ნდობა შეძლებისდაგვარად დაიბრუნდეს. ახლა მათ რეპუტაციას ხელს საზოგადოებასთან დაპირისპირება არ აძლევს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ჩიქოვანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძეს მოუწოდა, კომიტეტის ფარგლებში საკითხზე მოსმენა გამართოს.
„რეალურად უნდა მოვისმინოთ, თუ რა ხდება ადგილზე. ეს დაახლოებით აბსურდის თეატრს არის დამსგავსებული. ამ კომპანიის დასადგურებისათვის ხელი რომ შეეწყოთ, ზუგდიდში მერიამ ცენტრალური გზიდან რამოდენიმე ხე ამოძირკვა. შემდეგ კი მიხვდნენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და ეს ხე უკან ჩააბრუნეს. ეს უბრალოდ სასაცილოა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ადამიანების ინტერესი იკვეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, კერძო კომპანიას, რომელიც რამდენიმე თვის წინ არის დარეგისტრირებული, ასეთი მკაცრი და ასეთი მყარი ლობი ჰყავდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში”, - დასძინა ჩიქოვანმა.