ევროპარლამენტის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადე საქართველოს მდგრად დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, როგორც ევროკავშირის ძლიერ, ასოცირებულ პარტნიორს, - ასეთი განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ქართველ კოლეგა დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მარტინ შულცის თქმით, შეხვედრა ძალიან წარმატებული და შინაარსობრივი იყო. მხარეებმა რიგი საკითხი განიხილეს, მათ შორის თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა.
განხილვის სხვა საკითხები იყო ვიზალიბერალიზაცია და ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, ასევე მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.
”ჩვენ განვიხილეთ, თუ რა როლს ასრულებს საქართველო ევროკავშირისთვის, როგორც მისი საკვანძო მოკავშირე რეგიონში. რეგიონში, სადაც არსებობს შეშფოთების ბევრი მიზეზი, რომელიც ეხება ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენს ურთიერთობას სხვა მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციასთან. შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტებს”, - განაცხადა მარტინ შულცმა.