“ე.წ. ოდეერებით მართავდით ქვეყანას და დღეს ისე მოგაქვთ თავი, თითქოს ამ ინსტიტუტის შესახებ დღეს გაიგეთ”, - ასე მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს ”ნაციონალური მოძრაობიდან”. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ე.წ. ოდეერების სისტემა მისმა ხელისუფებამ გააუქმა, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი აქ ორმაგი სტანდარტი აქვს.
”ე.წ. ოდეერებით მართავდით ქვეყანას და ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი. დღეს ისე მოგაქვთ თავი, თითქოს ”ოდერეეების ინსტიტუტის” შესახებ დღეს გაიგეთ და თურმე ეს დამღუპველი ყოფილა”, - განაცხადა სესიაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ”ნაციონალურ მოძრაობას” ორმაგი სტანდარტი აქვს როგორც ევროპულ არჩევანთან, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
”თითქოსდა ჩვენ და ”ნაციონალური მოძრაობა” გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებით, მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ევროპული არჩევანი, სადაც ჩვენ ვაღწევთ ძალიან სერიოზულ შედეგებს. მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ყველაფერს ცდილობენ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღოს და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობენ პარტნიორი პარტიის მეშვეობით მოახდინონ ამ პროცესის დისკრედიტაცია.
ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ გვინდა ძლიერი უსაფრთხოების სისტემა, მაგრამ მუდმივად გვესმის მათი მხრიდან ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობა”, - განაცხადა სესიაშვილმა.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე გაიხსენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ე.წ. ფარულ ვიდეო ჩანაწერებს ეხებოდა.
”სულ რამდენიმე ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა დაგმო ე.წ. ფარული ვიდეო ჩანაწერების საკითხი და ნაძირლები უწოდა მათ ვინც ეს შექმნა და ორგანიზება მოახდინა. ისიც თქვა, რომ ასეთი ხალხი პოლიტიკაში არ უნდა იყოსო. ერთი უბრალოდ მაინტერესებს თქვენგან გავიგო, თუ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა 28 ათას ფარულ ვიდეოჩანაწერს, ადამიანების წამებას, ათასობით ბიზნესმენის დატერორებას, მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ა.შ. თქვენ იყავით მაშინ ხელისუფლებაში, პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, თუ უბრალოდ თავი არ გქონდათ რომ სიტუაცია გაგეკონტროლებინათ”, - მიმართა ირაკლი სესიაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.