მომავალ თვეს გაერო-ს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციაზე საქართველოს ანგარიშს განიხილავს.
გაერო-ს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ინფორმაციით, სხდომა ჟენევაში 2-3 მაისს გაიმართება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.
დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.
სხდომაზე განსახილველი საკითხები ძირითადად შეეხება სხვადასხვა მიმართულებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ბოშების, იძულებით გადასახლებულ პირთა, ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა, ლტოლვილთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა, მიგრანტთა უფლებებს.
2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ გაერო-ს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში წარადგინა კონვენციის შესრულების თაობაზე გაერთიანებული მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები; წინა ანგარიში წარდგენილ იქნა 2010 წელს.