2016 წლის არჩევნებზე ივანიშვილის „ოცნება“ გამოიყენებს სოლომონ ბრძენის სახელობის სტრატეგიას, რომელსაც ეწოდება „ჟამი ქვების გაბნევისა“, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ განაცხადა.
როგორც გორგილაძემ აღნიშნა, გამოჩნდა ბევრი პარტია, რომლის დანიშნულებასაც სოციოლოგი მხოლოდ ”მარკეტინგულ პრიზმაში” ხედავს.
”ამჯერად, 2016 წლის არჩევნებზე ივანიშვილის „ოცნება“ გამოიყენებს სოლომონ ბრძენის სახელობის სტრატეგიას, რომელსაც ეწოდება „ჟამი ქვების გაბნევისა“. მართლაც, გამოჩნდა ბევრი პარტია, რომლის დანიშნულებასაც მე ვხედავ მხოლოდ მარკეტინგულ პრიზმაში. „გირჩი“, „ბედნიერი საქართველო“ - ყველა ამ და სხვა პარტიას მკაფიო ამოცანები გააჩნია. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ასევე ახალი შექმნილი და საკმაოდ ამბიციური „თავისუფლების პარტია“. მოკლედ ამ საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ შევხვდებით სხვადასხვა მარკეტინგულ სტრატეგიას „ბრენდის კანიბალიზაციით“ დაწყებული და „ტროას ცხენით“ დამთავრებული”, - განაცხადა გორგილაძემ.
რაც შეეხება კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მოპოვებისთვის ბარიერის 2%-მდე შემცირებას, გორგილაძის შეფასებით, ეს ყველაფერი პოლიტიკურ კორუფციას წააგავს.
”რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას თავისი კონკურენტების ფინანსური წახალისება? პირველი, ხელისუფლება ახდენს არასაპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის დისკრედიტაციას. თუმცა, მეფიქრება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არც არის წინააღმდეგი ამგვარი დისკრედიტაციის, ვინაიდან ამ დისკრედიტაციის შედეგად იღებს საკმაო თანხას თავისი უბადრუკი პოლიტიკური ცხოვრების გასახანგრძლივებლად. მეორე, მმართველ გუნდს აწყობს რაც შეიძლება პლურალისტული საარჩევნო კომპოზიციის შექმნა, ვინაიდან პოლიტიკური მრავალფეროვნება ამ კონკრეტულ ვითარებაში ხსნის ყველა კითხვას არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, კიდევ უფრო ახდენს ოპოზიციურ ფლანგზე ხმების დაქსაქსვას, რაც არ შეიძლება არ ახარებდეს სახელისუფლებო პარტიას”, - განაცხადა გორგილაძემ.