არ მახსენდება არც ერთი კვლევა, სადაც სახელისუფლებო ძალას ასეთი დაბალი პროცენტი ჰქონდეს

არ მახსენდება არც ერთი კვლევა, სადაც სახელისუფლებო ძალას ასეთი დაბალი პროცენტი ჰქონდეს

მე არ მახსენდება არც ერთი კვლევა, სადაც სახელისუფლებო ძალას ასეთი დაბალი პროცენტი ჰქონდეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ NDI-ის კვლევის იმ ნაწილზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, 13 % კი -” ნაციონალურ მოძრაობას”.

ნინო გოგუაძის შეფასებით, ეს არის ძალიან მძიმე შედეგი ხელისუფლებისთვის.

რაც შეეხება, პარლამენტის საქმიანობის ცნობადობასთან დაკავშირებულ დაბალ მაჩვენებლებს, დეპუტატის თქმით, ეს მისთვის გასაკვირი არაა.

”ეს არ არის ჩემთვის გასაკვირი, რადგან დიდი ხანია ვამბობ, ამ ქვეყანაში არ მომხდარა ინსტიტუციების განმტკიცება. პარლამენტი ვერ შედგა პარლამენტად. ვერ განვითარდა, როგორც ინსტიტუცია. ის არ ასრულებს მასზე კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ზედამხედველობს მთავრობას, არ ქმნის კომისიებს და არ განიხილავს იმ საკითხებს, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო და სენსიტიურია. ასე რომ, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, ძალიან ადეკვატური შედეგია”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა კვლევის იმ ნაწილზეც, რომლის თანახმადაც, გამოკითხული მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. ნინო გოგუაძის შეფასებით, ეს არავისთვის დასამალი არ არის.

”ჩვენც კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებაში ყველა სტრატეგიულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მოსახლეობა ამას ძალიან კარგად გრძნობს და ხედავს” - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას მოწონების მაჩვენებელს, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრისთვის უცნობია რა შკალით გაიზომა აღნიშნული შედეგი, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის ცუდი შედეგი და ”ფაქტია, რომ ირაკლი ალასანია პოლიტიკოსებს შორის, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა”.

”მართალი გითხრათ, არ ვიცი ეს რა შკალით არის გაზომილი. მოწონების მაჩვენებელი, ვიცოდით ადრე, რომ 59, 60, 64, 80 იყო. ახლა პროცენტები ძალიან დაბალია და მგონია, რომ რაღაც სხვანაირად არის დათვლილი. ამიტომ მოწონების კოეფიციენტს ვერ შევაფასებ. ფაქტია, რომ ირაკლი ალასანია პოლიტიკოსებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. მისი მოწონების რეიტინგი ამ შკალითაც კი, სხვების რეიტინგს აღემატება. ასე რომ, ვფიქრობ, არ არის ცუდი შედეგი”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.