გია ხუხაშვილი:  ამომრჩეველი თვლის, რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია

გია ხუხაშვილი: ამომრჩეველი თვლის, რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია

ამომრჩეველი თვლის, რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა NDI-ის კვლევების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა აღნიშნა, კვლევებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველი დისტანცირებულია პოლიტიკური ელიტისგან.

”მთავარი პრობლემა დღევანდელი პოლიტიკური პროცესის არის ტოტალური აბსენტიზმი ანუ ამომრჩეველი მთლიანობაში დისტანცირებულია პოლიტიკური ელიტისგან. თვლის, რომ მას ჰყვას ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია - ეს არის დღევანდელი პოლიტიკური პროცესის მთავარი პრობლემა, რისი გადალახვაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. ის, რომ ეს ორი პარტია ანუ არსებული სახელისუფლებო პარტია და ყოფილი ხელისუფლება ჯამურად ქართულ საზოგადოებაში არ არის ლეგიტიმური, დიდი ხანია ჩვენ ვიცით. ფაქტია, რომ მთლიანობაში ამომრჩეველი მათ ეუბნება უარს, მას არ მოსწონს არც ერთი, მაგრამ ამას ემატება ისიც, რომ მას არც სხვა პარტიები მოსწონს. თუ ეს განწყობა არჩევნებამდე შენარჩუნდა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში რა კონფიგურაციაც არ უნდა მივიღოთ, ამომრჩეველს არ ექნება განცდა, რომ ეს ხელისუფლება მისი არჩეულია, რაც ქმნის მომავალი რევოლუციური განვითარების წინაპირობას, ეს კი ქვეყნის სტაბილურობისთვის არის ძალიან ცუდი. ამომრჩეველი მთალიანად პოლიტიკურ ელიტას ეუბნება ”არას”, ანუ ”არას” აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ კვლევებში და ეს არის დიდი პრობლემა”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.