მონაცემები დაახლოებით თანაბარია, მაგრამ ძალიან ბევრი რჩება ისეთი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა NDI-ს კვლევების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
„მონაცემები დაახლოებით თანაბარია, მაგრამ ძალიან ბევრი რჩება ისეთი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას. ჩვენ ამ ხალხთან ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ვიცით, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ელექტორატი გვყავს, მაგრამ ამის მიღმა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თვალი გავუსწოროთ იმ პრობლემებს, შეცდომებს, რაც წარსულში გვქონდა, ხალხს დავანახოთ, რომ ჩვენ ვისწავლეთ ამ შეცდომებზე და ამავდროულად დავანახოთ ჩვენი სამომავლო ხედვა - რა ტიპის რეფორმებს გავატარებთ იმისთვის, რომ ამ გაჭირვებიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ხალხი და ქვეყანა”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მან ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგზეც იუსაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი პიროვნული და პარტიული საქმიანობის დამსახურებაა.
„დავით ბაქრაძე ყველა მონაცემით, როგორც სამსახურებრივი საქმიანობის მოწონებით, ასევე პირადი სიმპატიით პირველ ადგილზე გავიდა, რაც ძალიან კარგია. ეს დათოს პიროვნული და პარტიული საქმიანობის დამსახურებაა. ის მუდმივ შეხებაშია ხალხთან, დადის შეხვედრებზე, ისმენს მათ პრობლემებს, ცდილობს გადაწყვიტოს ეს პრობლემები და ხშირად წარმატებითაც. ასე, რომ მისი პიროვნული მონაცმეების, მუშაობის და რა თქმა უნდა, პარტიის ბოლო პერიოდის მოღვაწეობის შედეგია ეს რეიტინგი”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.