უკრაინის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურისა და მთავრობის შემადგენლობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ“პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ლიდერმა, იური ლუცენკომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
უკრაინული მედიის ცნობით, ბლოკის წევრებმა დაადასტურეს, რომ პრემიერის პოსტს ვლადიმერ გროისმანი დაიკავებს. ამასთან, როგორც ზოგიერთი წყარო აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჯერ ადრეა, ვინაიდან უმაღლესი რადას შეხვედრა ჯერ წინ არის.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ და „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამიტომაც დიდი ალბათობით „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლები სამთავრობო შემადგენლობიდან გავლენ.
„ჩვენ დიდი ალბათობით მთავრობას დავტოვებთ“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.
ახალ სამთავრობო შემადგენლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გაიმართა.