“ფრიდომ ჰაუსის” პროექტის დირექტორი - ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ, სისტემაზე ივანიშვილის გავლენის ნიშნებს

“ფრიდომ ჰაუსის” პროექტის დირექტორი - ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ, სისტემაზე ივანიშვილის გავლენის ნიშნებს

საქართველოში არაეფექტური პლურალიზმია, - ამის შესახებ “ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური ანგარიშის “გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები” პროექტის დირექტორმა, ნეით შენქენმა ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. ნეით შენქენმა ინტერვიუში ”ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიურ, 2016 წლის ანგარიშზე ისაუბრა.

ნეით შენქენი ფიქრობს, რომ საქართველოს არჩევნებში მთავარი საფრთხე მწვავე პოლარიზებაა. მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული ძალები ერთმანეთის დემონიზებას ცდილობენ, შედეგად თანამშრომლობა ან კონსტრუქციული კრიტიკა შეუძლებელი ხდება. 

”როგორც რეგიონის და ევროპის სხვა ქვეყნებში ვნახეთ, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს არალიბერალური პარტიების მომძლავრებას, რომლებიც პატივს არ სცემენ დემოკრატიულ პრინციპებს და კითხვის ქვეშ აყენებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, ტოლერანტობას, განსხვავებული აზრის მიღებას.
არ ვამბობ, რომ მსგავსი ძალები მთავარი მოთამაშეები გახდებიან, მაგრამ შეიძლება მათ მეტი მხარდაჭერა და გავლენა მოიპოვონ, ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით”, -განაცხადა ნეით შენქენმა.

ის საქართველოს დემოკრატიის უმთავრეს პრობლემად სასამართლო სისტემის პოლიტიზირებას მიიჩნევს.

”ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო სისტემაში პოზიტიური ცვლილებები მიმდინარეობდა, ვფიქრობთ ეს სისტემასთან ურთიერთობა რიგით მოქალაქეებს უფრო გაადვილებული აქვთ. ჩვენ ამას დადებითად ვაფასებთ, რაც სათანადო ქულით გამოიხატა. მაგრამ ისეთი გახმაურებული საქმეების შემთხვევაში როგორიც იყო ყოფილი მერის - უგულავას და ”რუსთავი 2”-ის საქმეები, ადგილი ჰქონდა ძალიან პოლიტიზირებული გადაწყვეტილებების მიღებას. იყო სასამართლო სისტემის ნაწილებს შორის კონფლიქტი, როცა სასამართლო სისტემის ერთი შტო უარყოფდა მეორე ნაწილის - ზოგჯერ მასზე მაღლა მდგომი ორგანოს გადაწყვეტილებებს. ამის სხვაგვარად ახსნა რთულია, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო. ყველაზე მეტად სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გვეშინია”, - აღნიშნა ნეით შენქენმა.

კითხვაზე, ანგარიშში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, როგორ აისახება ეს ფაქტორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და მის აღქმებზე? ნეით შენქენმა აღნიშნა, რომ ”აღქმებზე საუბარი უფრო ადვილია, რადგან, ზოგადად, არაფორმალური მმართველობის დამტკიცება უფრო რთულია”. 

”ანგარიშისთვის და მეთოდოლოგიისთვის, რომელიც დამტკიცებადი ფაქტების თავმოყრას ცდილობს, რთული გასაზომია მთავრობის გადაწყვეტილებებზე სცენის მიღმა მდგარი მილიარდერის ზუსტი გავლენა.
არაფორმალური მმართველობის აღქმა ცალმხრივად საზიანოა. სახიფათოა იმის აღქმა, რომ საქართველოს პოლიტიკას მართავს ანგარიშვალდებულიანი სისტემის მიღმა მდგარი აქტორები. ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ამ გავლენის ნიშნებს, რომ ივანიშვილს აქვს სისტემაზე გავლენა. რთული სათქმელია თუ როგორ მოგვარდება ეს საკითხი, რთულია ვთქვათ თუ რა მექანიზმებით მოხდება ამ არაფორმალური გავლენის შემცირება”, - აცხადებს “ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური ანგარიშის “გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები” პროექტის დირექტორი.

ნეით შენქენი ასევე ფიქრობს, რომ არ არსებობს იმის საფრთხე, პრო-რუსულმა ძალებმა იმდენივე ხმა მოიპოვონ, რამდენსაც ყოფილი მთავრობა. მისივე თქმით, არც იმის რისკია, რომ ისინი მმართველ პოზიციებს დაიკავებენ, თუმცა არსებობს საფრთხე ისინი უკეთ იყვნენ წარმოდგენილნი და მეტი გავლენა მოიპოვონ.

”ამ მხრივ ამ მდგომარეობას ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შევადარებდი, სადაც დისკრედიტირებული ცენტრის ნაცვლად ხალხმა ახლად შექმნილი პარტიების არჩევა დაიწყო. საქართველოშიც შეიძლება იგივე მოხდეს, ქვეყნის მთავარ კურსად ევროპა დარჩეს, მაგრამ უკვე არსებული პარტიებით იმედგაცრუების გამო ხალხმა ახალ პარტიებს მისცეს ხმა”, -განაცხადა ნეით შენქენმა. 

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი. რა ფასდება ამ არჩევნებზე, ნეით შენქენმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე გამოჩნდება რამდენად მდგრადია საქართველოში ხელისუფლების არჩევნებით მონაცვლეობის პრიციპი. 

”ასევე, ვნახავთ არის თუ არა ქვეყანა მზად გააგრძელოს გრძელვადიანი რეფორმები, რაზეც ქვეყანა ბოლო 10 წელია მუშაობს. არჩევნები ყველგან და ყოველთვის არის დემოკრატიის ტესტი. სამწუხაროდ, საქართველო, სომხეთთან ერთად, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკური მეცნიერი იტყოდა - “არაეფექტური პლურალიზმის” მოდელია. არსებობს მრავალფეროვნება და შეჯიბრითობის პრინციპი, მაგრამ ეს არ არის იდეების შეჯიბრი, არამედ ინტერესთა შეჯიბრი”, -აღნიშნა ნეით შენქენმა.