პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ეუთოს კომისართან წინა შეხვედრის შემდეგ, საგრძნობლად გაუარესდა ვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ვინაიდან რუსეთმა დაიწყო ე.წ. ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, რაც ფაქტობრივად ამ ტერიტორიების ანექსიას ნიშნავს. მისივე თქმით, რუსეთს დაწყებული აქვს ოკუპირებული რეგიონების საგანმანათლებლო, ფინანსური და სამხედრო სისტემების საკუთარ სისტემებთან ინტეგრირების პროცესი.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გალის რაიონის 11 სკოლის პირველ ოთხ კლასში სასწავლო ენად ქართულის ნაცვლად რუსული ენა გახდა, მაღალ კლასებში საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის სწავლება აიკრძალა, ხოლო ქართული ენის საათები მნიშვნელოვნად შემცირდა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ერთი მხრივ, აღნიშნული მოვლენა გალის რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციაა, ხოლო მეორე მხრივ ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა მნიშვნელოვნად ამცირებს სწავლის ხარისხს, რადგან ბავშვების უმრავლესობამ რუსული ენა არ იცის.
პარლამენტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზეც ისაუბრეს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ჯერჯერობით არსებითი პროგრესი არ შეინიშნება, თუმცა კარგია, რომ შეხვედრის ბოლო რაუნდმა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის წევრების, რუსლან პოღოსიანისა და ალი მამედოვის მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ საომარი მოქმედებების დროს სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევენ. დავით უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება იმის მაგალითია, რომ ყველა კონფლიქტი და პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას