სუს-ის ანგარიშს პარლამენტს აუცილებლად ვახტანგ გომელაური წარუდგენს

სუს-ის ანგარიშს პარლამენტს აუცილებლად ვახტანგ გომელაური წარუდგენს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტს აუცილებლად სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური წარუდგენს. ამასთან, პლენარულ სხდომაზე გომელაურის მოსმენის თარიღი პარლამენტში კვლავ უცნობია.

ზვიად კვაჭანტირაძე ვერ აკონკრეტებს მოხერხდება თუ არა გომელაურის მოსმენა მიმდინარე კვირის სესიაზე. ამასთან დაკავშირებით დეპუტატი ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

„ზუსტად ვიცი ვახტანგ გომელაურის თანხმობა იმის შესახებ, რომ ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომას თავად წარუდგენს. ის, რომ 30 მარტის სესიაზე მისი მოსმენა არ შედგა, მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატების ბრალი არ არის. ეს არის უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ბრალიც, რომლებიც რეგულარულად არ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

პარლამენტს პლენარული სხდომის ფორმატში ვახტანგ გომელაურისთვის 30 მარტს უნდა მოესმინა, თუმცა სესია კვორუმის პრობლემის გამო არ შედგა.