სასამართლო ხელისუფლება წინ მიდის, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რითაც არასამთავრობო სექტორის მიერ ახალი კამპანიის - ”სამართალი ითხოვს” დაწყებას გამოეხმაურა.
”აღიარებენ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ სასამართლო ხელისუფლება წინ მიდის, ეს შევაჩეროთ?! საკონსტიტუციო სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იხილავს არასამთავრობოების სარჩელს, კონკურსის გამართვასთან დაკავშირებით და წინა დღით მოაწყვეს ასეთი შეკრება. მე არ ვარ წინააღმდეგი, შეიკრიბონ, მაგრამ ელემენტარულად, სასამართლო ხელისუფლებას კითხონ, როგორ ფიქრობს და მერე მიიღონ გადაწყვეტილება. რა შევაჩეროთ, წინსვლა შევაჩეროთ?”, - განაცხადა მურუსიძემ ”იმედთან” საუბრისას.
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კამპანია „სამართალი ითხოვს“ დაიწყო. 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის კამპანიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა. კამპანიის მიზანია სასამართლო სისტემაზე კონტროლის გამყარების მცდელობის თავიდან აცილება და სასამართლოს პოლიტიკურ კლანური მმართველობისგან გათავისუფლება.
კოალიცია კამპანიის ფარგლებში კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებს, რათა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს ის საკითხები, რომლებიც დღეს უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს არსებობისთვის.
„სამართალი ითხოვს” შეწყდეს მოსამართლეების დანიშვნა, გაუმჭვირვალე და უსამართლო გზებით; შეწყდეს კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების დისციპლინური დევნა, დაჩქარდეს სასამართლო რეფორმა და გამოირიცხოს სასამართლოს წინააღმდეგ პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შანსი; მართლმსაჯულება დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა აღასრულონ, მოსამართლეებისთვის საქმეების გადანაწილება მოხდეს შემთხვევითობის წესით, რითიც თავიდან მოხდება აცილება საქმეების მართული მოსამართლეების მიერ წარმოება.