სასამართლო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით შესაძლოა საპროტესტო აქციებიც გაიმართოს

სასამართლო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით შესაძლოა საპროტესტო აქციებიც გაიმართოს

არასამთავრობოები კამპანიის ”სამართალი ითხოვს” ფარგლებში საპროტესტო აქციებსაც გამართავენ. როგორც ჟურნალისტებს ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში შეუქცევადი რეალობა უნდა გახდეს. 

”ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლო სისტემასთან მიმართებაში განხორციელდეს რეალური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა პრაქტიკაში იყოს უზრუნველყოფილი მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მათ ჰქონდეთ ამ დამოუკიდებლობის ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები. დღეს, სამწუხაროდ, ეს გარანტიები არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სასამართლოში მძლავრობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ კონტროლი დაამყარონ მთლიანად სასამართლო სისტემაზე, რაც იქნება ძალიან ცუდი ამ ქვეყნისთვის”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები ძირითადად ეხება საკანონმდებლო რეფორმების დროულად განხორციელებას. 
”ბუნებრივია, აქ მთავარი ადრესატი იქნება საქართველოს პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო. ეს არის რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყება. კამპანიის ფარგლებში იქნება ინტენსიური საუბარი პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსთან, პასუხისმგებელ უწყებებთან, პოლიტიკურ ძალებთან. კამპანია მათ შორის გამოიყენებს ქუჩის აქციებს მშვიდობიან და კანონიერ ფარგლებში. მივმართავ მოქალაქეებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი კამპანიას და გამოიყენონ ყველანაირი კანონიერი მეთოდი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა გახდეს შეუქცევადი რეალობა საქართველოში”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

34-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს კამპანია „სამართალი ითხოვს“ დაიწყო.