ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელიას განცხადებით, აშშ ხელს უწყობს საქართველოს პოლიტიკის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ თომას მელიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ეკონომიკის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ კვლავ იმყოფება საქართველოში, თუმცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.
“დღეს აქ ვიმყოფები სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა უწყებების დელეგაციის წევრებთან ერთად. ჩვენი თანამშროლობა რიგ ასპექტებს მოიცავს და მიმართულია იქით, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი პროგრესი და ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე აისახოს მიღწევები. შეიძლება ეს ეხებოდეს განათლების სფეროს, სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვას და საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის შესაძლებლობების ზრდას. ჩვენ განვიხილავთ და ხელს ვუწყობთ საქართველოს პოლიტიკის გაუმჯობესებას. ჩვენი ურთიერთობის მთავარი ასპექტი გახლავთ ცხოვრების ხარისხის ზრდა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის“, - განაცხადა თომას მელიამ.