პარლამენტში შესაძლოა მთავარი პროკურორი დაიბარონ

პარლამენტში შესაძლოა მთავარი პროკურორი დაიბარონ

საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები“ შესაძლოა პარლამენტში მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მოსმენის მოთხოვნით გამოვიდნენ.

როგორც ამასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, შოთაძის მოწვევის საკითხზე ფრაქციას ოფიციალურად გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა აღნიშნულის შესახებ უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდებიან.

შალვა შავგულიძის აზრით, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა მთავარი პროკურორისგან მიიღოს ინფორმაცია იმ ახალი დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მიზნით და შესაბამისი ამოცანების განსახორციელებლად ჩამოყალიბდა.

გარდა ამისა, შავგულიძის თქმით, პარლამენტმა უნდა მოისმინოს ინფორმაცია იმ გამოძიების შესახებ, რომელიც უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების საქმეზე დაიწყო.

აღნიშნულ საკითხს დღეს უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძეც გამოეხმაურა. ფოფხაძის თქმით, მიზანშეწონილი იქნება თუკი ფარული თვალთვალისა და უკანონო ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორს დახურულ ფორმატში მიაწვდის ინფორმაციას. აქვე ფოფხაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროცესში თავად გამოძიების ინტერესები არ დაზარალდეს.