საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2"-სა და ტელეკომპანია” საქართველოს" სარჩელის განხილვა დაიწყო.
მოსარჩელე მხარის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, მისი მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლოს მათ შორის საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენება შესაძლებელი იყოს იმ ურთიერთობებზე, რომელიც წარმოშობილი იყო სამოქალაქო ურთიერთობებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.
მოსარჩელე მხარის კიდევ ერთი მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს ახლად გამოვლენილი გარემოება სამოქალაქო საპროცესო მიზნებისთვის და საერთო სასამართლო იყოს ვალდებული განაახლოს საქმის წარმოება თუკი კანონი, რომელსაც მან დააფუძნა გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი.
"მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლებს. მოსარჩელის აზრით, მას უნდა ჰქონდეს უფლება მიმართოს საერთო სასამართლოს და მოითხოვს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის საფუძელზე გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვა, ხოლო სადავო ნორმა ამის შესაძლებლობას გამორიცხავს, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
მოსარჩელე ასევე სადავოდ მიიჩნევს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლსა და 23-ე მუხლის პირველ და მე-10 პუნქტებს. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუიო სასამართლოს მიერ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, მას არ აქვს შესაძლებლობა აღადგინოს დარღევული უფლება და შეცვალოს არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონის საფუძვლეზე დამდგარი სამართლებრივი შედეგი, ვინაიდან სადავო ნორმების თანახმად, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს გარანტიებს, რომლებიც მას დარღვეული კონსტიტუციური უფლების აღდგენაში დაეხმარება, რისითვისაც, აუცილებელია რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს უფლება თავად განსაზღვროს, დროის რომელი პერიოდიდან უნდა დაკარგოს ძალა არაკონსტიტუციურად ცნობილმა კანონმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმები არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას (კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს)", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
მოპასუხე მხარის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის თამარ მესხიას განმარტებით, პარლამენტს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არის დარეგულირებული სადავოდ გამხდარი ნორმები.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.