ბრიუსელის და პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილები ფეხბურთში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე საფრანგეთში თავდასხმას გეგმავდნენ. ამის შესახებ „სიენენის“ ცნობით, ტერორიზმში ეჭვმიტანილმა მუჰამედ აბრინიმ გამომძიებლებს უთხრა. მისი თქმით, ტერორისტების მთავარი მიზანი სწორედ ჩემპიონატის მატჩებზე აფეთქებების ორგანიზება იყო, თუმცა, პარიზის ტერაქტში ბრალდებული სალაჰ აბდესლამის დაკავების გამო, მათ გადაწყვიტეს თავდასხმა ბრიუსელშივე განეხორციელებინათ.
წყაროს ცნობით, გამომძიებლები ამჟამად მუშაობენ დაადგინონ თუ რამდენად შეესაბამება აბრინის განცხადება სიმართლეს.
გავრცელებული ცნობით, ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე იბრაჰიმ და ხალიდ ელ-ბაკრაუიების კომპიუტერში აღმოაჩინეს 16-წუთიანი აუდიო ფაილი, სადაც ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი პირი სამომავლო თავდასხმებზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც საფრანგეთსა და ბელგიაში გეგმავდნენ.
გამომძიებლების ცნობით, ხმა, სავარაუდოდ, ნაჯიმ ლააჩრაუის ეკუთვნის.
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება. მატჩებზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით იქნება გამკაცრებული.