საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. 

შეხვედრას ქართული მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კომისიის თანათავმჯდომარეები - ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილე კურტ ტონგი და და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია ხელმძღვანელობენ. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ამერიკული მხრიდან საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, ვონ ტურეკიანი. 

კომისიის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის ორმხრივ და რეგიონულ საინვესტიციო პროექტებს. მხარეები ასევე იმსჯელებენ ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივას და ამ თვალსაზრისით საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლს. საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და პრემიერ მინისტრის ინიცირებულ 4 პუნქტიან გეგმას, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, პროფესიული განათლების განვითარებას, საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმასა და მმართველობის ეფექტური მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. კომისიის სხდომაზე ასევე განიხილავენ ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. 

შეხვედრის დასასრულს სხდომის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.