მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პირობებს უყენებს

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პირობებს უყენებს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მთელ რიგ პირობებს უყენებს, რომელთა შეუსრულებლობა ე.წ. რეფორმატორთა გუნდის თანამდებობებიდან წასვლას გამოიწვევს. „უკრაინსკაია პრავადას“ ინფორმაციით, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არც ერთი პირობა რეფორმებთან დაკაშირებით, რომელიც მაიდანზე გაიცა, არ შესრულებულა. ჩვენ ყველას გვატყუებენ“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკის გათავისუფლება არ წარმოადგენს უკრაინაში კორუფციული პრობლემების გადაწყვეტას. „პრობლემა არა მხოლოდ იაცენიუკშია. პრობლემაა პოლიტიკურ კლასში და პრეზიდენტის მიდგომაში, ქვეყნის შიდა პროცესებისა და რეფორმებისადმი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორმა სახალხო დეპუტატებს მოუწოდა, ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირონ. დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მოსალოდნელ დანიშვნაზე.