პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლების გადაწყვეტილება საპარლამენტო პოსტების დატოვების შესახებ.
პარლამენტში დაკავებული თანამდებობები დატოვეს დეპუტატებმა - გუბაზ სანიკიძემ, ანი მიროტაძემ, თემურ მაისურაძემ და შალვა კიკნაველიძემ.
გუბაზ სანიკიძის პოსტიდან წასვლა, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო, 13 აპრილს პლენარულ სხდომასაც ეცნობება.
”ეროვნულმა ფორუმმა” ბიუროზე ასევე წარადგინა ფრაქციის გადაწყვეტილება სახელწოდების შეცვლის შესახებ. კერძოდ, ფრაქციის სახელწოდება, რომელიც აქამდე იყო ”ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი”, ამიერიდან მხოლოდ ”ეროვნული ფორუმი” იქნება.
ფრაქციის სახელწოდებაში ცვლილების განხორციელება და სახელიდან ”ქართული ოცნების” ამოღების გადაწყვეტილება ”რესპუბლიკელებმაც” მიიღეს.